ისტორია

ჯერ კიდევ XIX საუკუნის 90-იან წლებში, დიდი ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ინიციატივით, მაშინდელ ტიფლისში, გოლოვინის პროსპექტზე, ამჟამინდელ რუსთაველზე, განხორციელდა რამდენიმე შენობის, ბანკის და თეატრის განათება. აღნიშნული შეიძლება ჩაითვალოს  საქართველოს დედაქალაქში ელექტროენერგიის გადაცემის და განაწილების დასაწყისად.

ქ. თბილისის მერიის არქივში დაცულია დოკუმენტები, რომელთა თანახმად ქ. თბილისის ენერგეტიკული ნაგებობების სამმართველო პირველად მოხსენიებულია 1921 წელს, მაშინ ეს ორგანიზაცია ითვლიდა მხოლოდ 36 თანამშრომელს.

„თბილელექტროქსელი“, შემოკლებით „თელასი“, რომელიც დაფუძნებულ იქნა 1937 წელს თბილისის საქალაქო საბჭოსთან, ასრულებდა ორ ფუნქციას -ტექნიკურს და კომერციულს. „თბილელექტროქსელი“ ელექტროენერგიას იღებდა გენერაციის ერთი ობიექტიდან - ზაჰესიდან, რომელიც აშენდა რუსეთის ელექტრიფიკაციის სახელმწიფო გეგმის (ГОЭЛРО) თანახმად.

1995 წლის მაისში „თელასი“ დარეგისტრირდა სააქციო საზოგადოების სახით.

1998 წლის დეკემბერში AES Silk Road Holdings B.V., კორპორაცია AES-მა შეიძინა სააქციო საზოგადოება „თელასის“ აქციათა 75%.

2003 წლის აგვისტოში კორპორაცია AES-მა, ფაქტობრივმა მფლობელმა, “Silk Road Holdings B.V.”-ს აქციათა პაკეტის 100% მიჰყიდა ფინურ კომპანიას – სააქციო საზოგადოება RAO Nordic Oy, რომლის ერთადერთი აქციონერია ღსს „ინტერ რაო“. დღესდღეობით, ჯგუფი „ინტერ რაო“-ს საკუთრებაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო აქციათა დაახლოებით 25% სახელმწიფოს საკუთრებაშია.