კომპანია "თელასი" 2017-2018 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს

კომპანია "თელასი" 2017-2018 წლების შემოდგომა–ზამთრის სეზონისთვის თბილისის ელექტროქსელისმოსამზადებელ სამუშაოებს 3 აპრილს იწყებს.

სს „თელასის“ გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა კომისია, რომელიც შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაზე არის  პასუხისმგებელი.

შემოდგომა–ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში კომპანია „თელასი“ 35 მაღალი ძაბვის ქვესადგურის, 4 საკვანძო ქვესადგურში 6/10 კვ გამანაწილებელი მოწყობილობის და 851 სატრანსფორმატორო პუნქტის სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

ამასთანავე, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 8 მაღალი ძაბვის ქვესადგურში და 95 სატრანსფორმატორო პუნქტში მოძველებული დანადგარები ახლით შეიცვლება. დაგეგმილია 6/10 კვ ძაბვის 43 საკაბელო ხაზის და 0,4 კვ ძაბვის 65 საკაბელო ხაზის რეკონსტრუქცია. აგრეთვე აშენდება 49 ახალი საკაბელო ტრასა. 

"აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქში დაგეგმილია ქვესადგურების, სატრანსფორმატორო პუნქტების ელექტროდანადგარების და გადამცემი ხაზების სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები, რაც გამოიწვევს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეფერხებას. სს „თელასი“ წინასწარ უხდის ბოდიშს აბონენტებს ამ პროექტების განხორციელების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის" - განაცხადა სს „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ.

"თელასის" მიერ დაგეგმილ სამუშაოების შესახებ თავის მომხმარებლებს კომპანია წინასწარ ატყობინებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით; აქვეყნებს შესაბამის გაფრთხილებას კომპანიის ვებ-გვერდზე (telasi.ge) და facebook-ის ოფიციალურ გვერდზე; აგზავნის SMS შეტყობინებებს. ასევე, 24 საათის განმავლობაში აბონენტს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია „თელასის“ ქოლ-ცენტრში (ტელ: 277-99-99; *9999).

 

***სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.