სს "თელასი" ზაფხულის პერიოდში სტუდენტებს დაასაქმებს

კომპანია "თელასმა" ზაფხულის პერიოდში სტუდენტების დასაქმების ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ბიზნეს ცენტრში „დიდუბე-ჩუღურეთი“ გაიმართა, სს "თელასის" ტექნიკური დირექტორი ვახტანგ ქინქლაძე და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის 28 სტუდენტი ორი თვის მანძილზე (ივლისი, აგვისტო) "თელასში" იმუშავებს.

სტუდენტები გადანაწილდებიან სს "თელასის" სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სადაც შეასრულებენ ისეთ სამუშაოს, რომელიც არ მოითხოვს უსაფრთხოების მაღალ დონეს.

პროექტის მეშვეობით, ახალგაზრდები გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარჩვევებს, აიმაღლებენ კვალიფიკაციის დონეს და მიიღებენ მატერიალურ ანაზღაურებას. ორი მე-4 კურსის სტუდენტი, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს პროექტის ფარგლებში, სწავლის დასრულების შემდეგ „თელასში“ დასაქმდება.

"აღნიშნული პროექტი ჩვენი კომპანიისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მშვენიერი შესაძლებლობაა მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები. მომავალში სწორედ ამ ახალგაზრდებს შეუძლიათ გახდნენ კოკნურენტუნარიანი პროფესიონალები. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ პროფესიონალური კადრების არსებობა არის საქართველოს ენერგეტიკული დარგის განვითარების საწინდარი" - განაცხადა სს "თელასის" ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ.

 

***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.