სს "თელასმა" SMS შეტყობინების დამატებითი სერვისი აამოქმედა

მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სს „თელასმა“ SMS შეტყობინების დამატებითი სერვისი აამოქმედა.

ამ სერვისის გამოყენებით მომხმარებლის განცხადებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „თელასი“ აგზავნის პასუხს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

მაგალითად, თუ მომხმსრებელმა შემოიტანა კომპანიაში განაცხადი აბონენტად დარეგისტრირების თაობაზე, შეტყობინება მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახემ მას SMS მეშვეობით მიუვა, რაც საგრძნობლად შეამცირებს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების დროს.

მომხმარებლის განცხადება შესაძლოა ეხებოდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მრიცხველის შემოწმება, ტექნიკური ხარისხის შემოწმება, ქსელის მოწყობა, ელექტრომომარაგების შეწყვეტა-აღდგენა, დავალიანების კორექტირება და სხვა. 

უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მზადდება დასაბუთებული პასუხი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შესახებ, რომელიც მომხმარებელს მხოლოდ წერილის სახით ფოსტის საშუალებით ეგზავნება.

კომპანია „თელასში“ SMS შეტყობინების სერვისი უკვე რამდენიმე წელია არსებობს. ამ დრომდე SMS-შეტყობინების საშუალებით მომხმარებელი იღებდა ინფორმაციას ელექტროენერგიის, დასუფთავების და წყალმომარაგების დავალიანების, ასევე ელექტრომომარაგების გეგმიური შეზღუდვების შესახებ.

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა „თელასის“ მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სს „თელასი“ მომავალშიც აპირებს ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რაც მიმართულია კომპანიის მუშაობის ეფექტიანობისა და აბონენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.

 

***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 32 გიგავატს შეადგენს.