სს "თელასი" ქვესადგურში "დიღომი-35" სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

საბურთალოს რაიონის ნაწილის ელექტრომომარაგების გაუმჯობესების მიზნით, კომპანია "თელასი" ქვესადგურში "დიღომი-35" სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

ამჟამად კომპანიამ ქვესადგურის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. მიმდინარე სამუშაოებს სს "თელასის" ტექნიკური დირექტორი ვახტანგ ქინქლაძე ადგილზე გაეცნო.

ქვესადგურში მოძველებული მაღალი ძაბვის "КСО-366" ტიპის უჯრედები თანამედროვე, ვაკუუმური ამომრთველებით შეიცვალა. ასევე შეიცვალა 35 კილოვოლტიანი ძალოვანი ტრანსფორმატორი, განახლდა 4 კილომეტრამდე სიგრძის საკაბელო და საჰაერო ხაზები.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ნოემბრის ბოლოს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება საბურთალოს რაიონის (დიღმის დასახლების) 2 700 აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა.

 

***
სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.
ჯგუფი "ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. "ინტერ რაო"-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 32 გიგავატს შეადგენს.