სს „თელასმა“ ელექტროგადამცემი ხაზების „ვერა-1“ და „ვერა-2“ რეაბილიტაცია განახორციელა

თბილისის ცენტრალური რაიონების ელექტრომომარაგების გაუმჯობესების მიზნით კომპანია „თელასმა“ 35-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების „ვერა-1“ და „ვერა-2“ რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელა.

პროექტის ფარგლებში აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზების საკაბელო მონაკვეთზე ამორტიზირებული 6 000 მეტრი სიგრძის 240 მმ2  კვეთის კაბელი 500  მმ2 კვეთის კაბელით შეიცვალა. პროექტის ღირებულებამ 600 000 ლარი შეადგინა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდა ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონების 24 000 აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა, გაიზარდა ქსელის გამტარუნარიანობა.

ელექტროგადამცემი ხაზების „ვერა-1“ და „ვერა-2“ მეშვეობით ელექტროენერგია მიეწოდება 35-კილოვოლტიან ქვესადგურს „თბოელექტროცენტრალი“(თეცი), რომელიც  როგორც მოსახლეობის, ასევე სამთავრობო ობიექტების (კანცელარიის, პარლამენტის და ა.შ.) ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს.

„2015 წლის 13 ივნისის სტიქიურმა მოვლენამ ელექტროგადამცემი ხაზები „ვერა-1“ და „ვერა-2“ მნიშვნელოვნად დააზიანა, რაც შემდგომ პერიოდებში აღნიშნულ ხაზებზე ხშირი ავარიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. აქედან გამომდინარე, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,  სს „თელასის“ მიერ დაიგეგმა და განხორციელდა 35-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის პროექტი“ - განაცხადა „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ.

***
სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 32 გიგავატს შეადგენს.