სს "თელასის" ხელშეწყობით "სახელობო სკოლა" გაიხსნა

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა "ლაზარე" ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტის ფარგლებში, რომლიც "თელასის" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის პროფესიული სასწავლებელი "სახელობო სკოლა" გაიხსნა.  

პროფესიული სასწავლებელი "სახელობო სკოლა" შეიქმნა უკვე არსებული სასწავლო სახელოსნოების გაერთიანების შედეგად. სასწავლო სახელოსნოების ფინანსური მხარდაჭერა სს "თელასმა" 2010 წლიდან დაიწყო. "თელასის" დახმარებით მოეწყო და სათანადოდ აღიჭურვა სახელოსნოები ხის, ფერადი ლითონების და მინის მხატვრული დამუშავების ტექნოლოგიების, კერვის და სახვითი ხელოვნების შესასწავლად. ეს სახელოსნოები სხვადასხვა ადგილას იყო განთავსებული, ახლა კი ისინი ერთ სივრცეში სოფელ დიღომში განთავსდა. 

 "უკვე რამდენიმე წელია, რაც კომპანია "თელასი" მხარს უჭერს ამ პროექტებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მოზარდებს დაეუფლონ მათთვის სასურველ პროფესიას და ხელობას. სამომავლოდ ეს მათ დაეხმარება თვითრეალიზაციაში" - განაცხადა სს "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.

პრეზენტაციაზე  მოწვეულნი იყვნენ:  საქართველოს საპატრიარქოს, სს "თელასი"-ს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტოსა და შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის წარმომადგენლები. 

 

***
სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს "თელასი" "ინტერ რაო"–ს შემადგენლობაში შევიდა. "ინტერ რაო"-ს მფლობელობაშია "თელასის" აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

***
საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი "ლაზარე" 1994 წლის 1 აპრილს დაარსდა. საქველმოქმედო საქმიანობას ფონდი ადგილობრივი და უცხოელი დონორების შემოწირულობებით ახორციელებს.