კომპანია "თელასმა" თბილისის ცენტრში ქვესადგურის "ჩუღურეთი" მშენებლობა დაასრულა

კომპანია „თელასმა“ ახალი 35/6 კვ ორტრანსფორმატორიანი ქვესადგური „ჩუღურეთი“ ააშენა, რომელიც „თეც“-ის მოძველებულ ქვესადგურს ჩაანაცვლებს. ახალი ენერგოობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება თბილისის ორი ცენტრალური რაიონის - ჩუღურეთის და მთაწმინდის, 25 ათასამდე აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხს და საიმედოობას გააუმჯობესებს.

ქვესადგურის გახსნის ცერემონიას სსს „ინტერ რაო-ს“ ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი და „თელასი“-ს გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი დაესწრნენ.

ყოფილი „თბოელექტროცენტრალის“ ტერიტორიაზე  ახალი 35/6 კვ ორტრანსფორმატორიანი ქვესადგურის მშენებლობა სს „თელასმა“ 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. პროექტის ფარგლებში სრულიად ახალი შენობა აშენდა და ქვესადგური თანამედროვე ელექტრომოწყობილობებით აღიჭურვა. ქვესადგურში დამონტაჟდა 2 ცალი  ABB მარკის 35კვ-იანი ძალოვანი ტრანსფორმატორი  სიმძლავრით 25 მეგავატი, 12 ცალი ABB მარკის 35კვ-იანი გამანაწილებელი უჯრედები და 52 ცალი „ინვენტ ელექტროს“ მარკის 6 კვ-იანი უჯრედი. ამასთანავე განხორციელდა სარელეო დაცვის, მეორადი  და  ძალოვანი წრედების, მართვის და რეგულირების თანამედროვე მოწყობილობების მონტაჟი.

ქვესადგურის მშენებლობასთან ერთად „თელასმა“ ახალი ორჯაჭვა სარეზერვო საკაბელო ხაზი ააშენა, რომელიც ქვესადგურ „ჩუღურეთს“ „ორთაჭალა ჰესთან“ აკავშირებს. აღნიშნული 4,7 კილომეტრიანი სარეზერვო კვების ხაზი ქვესადგურის და მისი აბონენტების საიმედო ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს.

ქვესადგურის და სარეზერვო ხაზის მშენებლობის პროექტების განსახორციელებლად კომპანია „თელასმა“ 14 მილიონ ლარამდე დახარჯა.

ძველი ქვესადგური ექსპლუატაციაში 1950 წელს შევიდა. მისი ხანდაზმულობისა და ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, 2016 წელს სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება ახალი 35კვ-იანი ორტრანსფორმატორიანი ქვესადგურის მშენებლობაზე. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 დეკემბრის №2618 განკარგულების საფუძველზე სს „თელასსა“ და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ქვესადგურის მშენებლობისთვის „თელასს“ 1 200 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა. მარეგულირებელი კომისიის დადგენილების შესაბამისად, ქვესადგურის მშენებლობა 2018 წლის 1 აპრილამდე უნდა დასრულებულიყო.

„მიუხედავათ იმისა რომ, ქვესადგურის მშენებლობისთვის საკმაოდ მცირე დრო იყო განსაზღვრული, „თელასის“ თანამშრომლების ძალისხმევით, აღნიშნული პროექტი დადგენილ ვადებში განხორციელდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ „თელასი“ განაგრძობს მუშაობას ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის“ - განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა. www.telasi.ge

ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს აღემატება. www.interrao.ru