სს "თელასმა" და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს

კომპანია "თელასისა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა. ხელმოწერის ცერემონია ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 2023 წლამდე.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების დარგში; ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპანიას შესაბამისი სპეციალისტებით; „თელასის“ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას; ახალი ტექნოლოგიების, სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების დანერგვას.

„დღეს ენერგიტიკა სწრაფად განვითარებადი დარგია და ბევრი კომპანია თავის საქმიანობაში ცდილობს გამოიყენოს მოწინავე ტექნოლოგიები. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების დასანერგად და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების მომსახურებისთვის საჭიროა კვალიფიციური კადრების არსებობა. აქედან გამომდინარე, კომპანია „თელასი“ ყოველთვის ხელს უწყობდა მეცნიერების და განათლების სფეროს განვითარებას. ტექნიკურ უნივერსიტეტთან ჩვენ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს და დღევანდელი მემორანდუმი არის ჩვენი წარმატებული და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი“ - განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

პირველად „თელასსა" და სტუ-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი 2006 წლის მაისში მოეწერა. ხელშეკრულების ფარგლებში  სტუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლეოდათ სტაჟირება გაევლოთ „თელასში“, ხოლო წარმატებულ სტუდენტებს კომპანია სამსახურით უზრუნველყოფდა.

„თელასის“ ფინანსური მხარდაჭერით, 2010 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტროენერგეტიკული სექტორის სპეციალისტების მოსამზადებელი თანამედროვე სასწავლო ცენტრი გაიხსნა. ცენტრის ფუნქციონირების შედეგად სტუ–ს ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები გადიან მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებთან მუშაობის პრაქტიკულ მომზადებას, ხოლო სს „თელასის“ და საქართველოში მოქმედი სხვა ენერგოკომპანიების ტექნიკური პერსონალი გადის პროფესიული კვალიფიკაციის  ამაღლების და  გადამზადების კურსს .

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.www.telasi.ge

ჯგუფი „ინტერ რაო“ - დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს აღემატება.www.interrao.ru