სტუ-ს სტუდენტები სს "თელასში" პრაქტიკას გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტები კომპანია „თელასში” სამთვიან პრაქტიკას გაივლიან.

დღეს სტუდენტები კომპანიის ტექნიკურ დირექტორს ვახტანგ ქინქლაძეს შეხვდნენ. ქინქლაძემ პროექტის მნიშვნელობა აღნიშნა, როგორც კომპანიისთვის, ასევე ენერგეტიკოსთა ახალგაზრდა თაობისათვის.

„ახალგაზრდებისთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, ხოლო კომპანიისთვის - მოიზიდოს ახალი კადრები. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ პროფესიონალური კადრების არსებობა არის საქართველოს ენერგეტიკული დარგის განვითარების საწინდარი“ - განაცხადა სს „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ.

პროექტის ფარგლებში მეორე კურსის ათი სტუდენტი პრაქტიკას „თელასში“ მიმდინარე წლის 17 სექტემბრიდან 17 დეკემბრამდე გაივლის.

სტუდენტები გადანაწილდებიან სს „თელასის“ სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სადაც შეასრულებენ ისეთ სამუშაოს, რომელიც არ მოითხოვს უსაფრთხოების მაღალ დონეს.

პროექტის მეშვეობით, ახალგაზრდები პრაქტიკულ უნარჩვევებს გაიუმჯობესებენ და  კვალიფიკაციის დონეს აიმაღლებენ.

სს „თელასში“ პრაქტიკის და სტაჟირების გავლის პროექტები კომპანიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ხელმოწერილი ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.