იუსტიციის სახლში მომხმარებლებს შეუძლიათ „თელასის“ სააბონენტო ბარათზე რეკვიზიტების შეცვლის სერვისით ისარგებლონ

ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებლებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზების მიზნით კომპანია „თელასი“ იუსტიციის სახლის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პროექტს შეუერთდა.

 პროექტის ფარგლებში უძრავი ქონების რეგისტრაციის დროს იუსტიციის სახლში მომხმარებლებს შეუძლიათ შეცვალონ აბონენტის რეგისტრაცია - გადააფორმონ თავის სახელზე არამარტო უძრავი ქონება, არამედ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების სააბონენტო ბარათები.

 პროექტის დანერგვამდე, ქონების რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეს უწევდა გამოცხადება მინიმუმ სამ კომპანიაში („თელასი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“) რათა წერილობითი განცხადების საფუძველზე სააბონენტო ბარათებში წინა მესაკუთრის ნაცვლად საკუთარი რეკვიზიტები დაეფიქსირებინა. ამჟამად პროექტის საშუალებით ყველაფერი ეს შესაძლოა გაკეთდეს იუსტიციის სახლში ერთი განცხადების საფუძველზე.

 პროექტის განსახორციელებლად სს „თელასს“ და იუსტიციის სახლს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის უზრუნველყოფის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს აბონენტად რეგისტრაციის ცვლილების თაობაზე მომხმარებლის განცხადების მიღებას  და კომპანიისთვის ელექტრონულად გადაგზავნას მისი განხილვის მიზნით, რაც გათვალისწინებულია    „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორში საცალო მომხმარებლის მიერ სსიპ „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით ჩასაბარებელი განცხადებების კატეგორიების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 16 ნოემბრის N95/161 გადაწყვეტილებით.

 მომავალში იგეგმება, რომ აბონენტად რეგისტრაციის ცვლილების სერვისის გარდა იუსტიციის სახლში შესაძლებელი გახდება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული სხვა მომსახურებების მიღებაც, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია მხოლოდ კომპანიების ოფისებში. კერძოდ, იუსტიციის სახლი ეტაპობრივად განახორციელებს „თელასის“ აბონენტის გაყოფისა და  ქვეაბონენტად აყვანის  თაობაზე  განცხადებების  მიღებას.

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

 ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.