სს "თელასი" მომხმარებელს მარეგულირებელი კომისიის სტანდარტით ემსახურება

კომპანია „თელასი“ მომხმარებელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი სტანდარტებით ემსახურება.  

კომისიის 2016 წლის 25 ივლისის N13 დადგენილების „მომსახურების კომერციული ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ თანახმად, ელექტროგამანაწილებელი კომპანიებისათვის დადგენილი იქნა სხვადასხვა მომსახურების სტანდარტები.  

კომისიის სტანდარტების შესაბამისად „თელასში“ დაინერგა ელექტრონული ჟურნალი, რომელშიც ონლაინ რეჟიმში ფიქსირდება მომხმარებელთა განცხადებები, შეტყობინებები, პრეტენზიები და ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და რა ვადებში მოახდინა კომპანიამ რეაგირება აბონენტის ამა თუ იმ განცხადებაზე, შეტყობინებაზე ან პრეტენზიაზე. აღნიშნული ჟურნალი მარეგულირებელ კომისიას საშუალებას აძლევს კომპანიის მომსახურების ხარისხის და  ვადების  მუდმივი მონიტორინგი  განახორციელოს. ამ სერვისის დასანერგად „თელასში“ შემუშავდა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ელექტრონულ ჟურნალთან არის ინტეგრირებული, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას ონლაინ რეჟიმში.

ბოლო პერიოდში „თელასში“ კიდევ ერთი სერვისი დაინერგა, რომლის ფარგლებშიც უძრავი ქონების რეგისტრაციის დროს იუსტიციის სახლში მომხმარებლებს შეუძლიათ შეცვალონ აბონენტის რეგისტრაცია - გადააფორმონ თავის სახელზე არამარტო უძრავი ქონება, არამედ ელექტროენერგიის სააბონენტო ბარათი. ამასთან დაკავშირებით, „თელასში“ ასევე შემუშავდა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და მონიტორინგი აღნიშნული სერვისის დროულად მიწოდებაზე ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით ხორციელდება.

კომპანია „თელასში“ ეროვნული კომისიის სტანდარტებით დადგენილი პრაქტიკულად ყველა სერვისი სათანადო დონეზეა: ახალ აბონენტად რეგისტრაცია და გამანაწილებელ ქსელზე მიერთება; ტექნიკური მომსახურება, დავალიანების, ელექტროენერგიის გეგმიური ან ავარიული გამორთვების  შესახებ ინფორმაცის მიწოდება; SMS შეტყობინებების სერვისი, სერვისი „ცხელი ხაზი“ და ა.შ.

მომხმარებლებისათვის მოქმედებს კომპანიის ვებ-გვერდი (telasi.ge), რომლის საშუალებითაც აბონენტს შეუძლია სერვისების უმეტესობა ონლაინ რეჟიმში მიიღოს.

სს „თელასის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს მომხარებელთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა. ამ მიმართულებით სამუშაოების გაუმჯობესებას კომპანია მომავალშიც აპირებს. 

 

***

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.