კომპანია "თელასის"ინვესტიციები 2018 წელს 37,7 მილიონ ლარს შეადგენს

კომპანია "თელასმა" წლის შედეგები შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია და კომპანია “თელასის” 2018 წლის მუშაობის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში 19 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას სს „თელასი“-ს გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2018 წელს “თელასის” მიერ საწარმოო და არასაწარმოო სფეროში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 37,7 მილიონი ლარს შეადგენს. ამ თანხიდან 12,8 მლნ. ლარი გათვალისწინებულია ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტების პროექტების განსახორციელებლად, ხოლო 24,9 მლნ. ლარი - ახალი აბონენტების მიერთების და ქსელის გაფართოების პროექტებისთვის.

წელს კომპანია „თელასმა“ 110/35 და 10(6) კვ ქვესადგურების ელექტრულ ნაწილში სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაატარა. განხორციელდა სატრანსფორმატორო ქვესადგურების ელექტროტექნიკური ნაწილის მოდერნიზება; სარემონტო–პროფილაქტიკური სამუშაოები აგრეთვე ჩაუტარდა 110/35 კვ ელექტროგადამცემ ხაზებს და 850 სატრანსფორმატორო ქვესადგურს; 86 სატრანსფორმატორო ქვესადგურში განხორციელდა გეგმიური ტექმომსახურების სამუშაოები; გარემონტდა 27 ძალოვანი ტრანსფორმატორი.შეიცვალა 35/10/6  კვ ძაბვის მოძველებული  საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები. გაყვანილია 36 კილომეტრი 10//6/0,4 კვ ახალი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი და 113 კილომეტრი 10//6/0,4 კვ ახალი საკაბელო ტრასა.

აგრეთვე, 81 სატრანსფორმატორო ქვესადგურში შეიცვალა მოძველებული დანადგარები. დასრულდა 6/10 კვ ძაბვის 35 საკაბელო ხაზისა და 0,4 კვ ძაბვის 32 საკაბელო ხაზის რეკონსტრუქცია. გაყვანილია 3 ახალი საკაბელო ტრასა.

წლის განმავლობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ასევე ჩატარდა მაღალი ძაბვის ქვესადგურებში - „დიღომი-1“, „საბურთალო-3“ და სამ ცენტრალურ გამანაწილებელ პუნქტებში - №0110, №9075, №9057. ქვესადგურებში „საბურთალო-3“, „პლატო ნუცუბიძე“, „დიღომი-1“, „დიღომი-2“ და „ვარკეთილი“ დამონტაჟდა ავტომატური კონტროლის და ინფორმაციის შეგროვების სისტემა (SCADA).

2018 წლის პირველ კვარტალში სს „თელასმა“ ახალი 35/6 კვ ორტრანსფორმატორიანი ქვესადგურის მშენებლობა დაასრულა, რომელმაც „თეც“-ის მოძველებული ქვესადგური ჩაანაცვლა. ახალმა ქვესადგურმა ჩუღურეთის რაიონის და მთაწმინდის რაიონის ნაწილის 25 ათასამდე აბონენტის საიმედო ელექტრომომარაგება უზრუნველყო.

აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის.

2018 წლის 11 თვის მონაცემებით 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქსელში დაფიქსირებული ტექნიკური ინციდენტების რაოდენობა 13%-ით შემცირდა.

2018 წლის 11 თვის განმავლობაში კომპანია „თელასმა“ 2 მილიარდ 694 მლნ. კვტ/სთ ელექტროენერგია შეისყიდა, რაც 50,8 მლნ. კვტ/სთ-ით აღემატება 2017 წლის 11 თვის მაჩვენებელს. აგრეთვე, 2017 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით ამაწლის 11 თვის განმავლობაში მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა 48,6 მლნ. კვტ/სთ-ით გაიზარდა.

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის რეალიზაციის კუთხითაც. 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა  წინა წლის 11 თვის მაჩვენებელს 44,8 მილიონი ლარით გადააჭარბა.

მომავალ წელსაც სს „თელასის“ მუშაობის პრიორიტეტი იქნება კომპანიის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა მშენებლობის, ქსელის რეაბილიტაციის და მოდერნიზაციის პროგრამების რეალიზაციის მეშვეობით, ასევე მომხმარებლების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება დამატებითი სერვისების განვითარებით.

კომპანია “თელასი”-ს ინვესტიციები 2019 წელს 35,1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

 

***

სს "თელასი" ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც  ახორციელებს  ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 600 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე  სახელმწიფოს საკუთრებაა.

ჯგუფი "ინტერ რაო"- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული  ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას  რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი  აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე  ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია  გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 33 გიგავატს შეადგენს.